ცნობილი ადვოკატი ღვინის ბიზნესს იწყებს

სექტემბერში, თბილისში ქართული ღვინის სადეგუსტაციო ახალი სივრცე „ბარბალეს მარანი“ იხსნება. პროექტის კონცეფციის დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ „ბარბალეს მარანის“ მფლობელს, ადვოკატ ზვიად კორძაძეს დაუკავშირდა.

„„ბარბალეს მარანი“  სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება. ზუსტი თარიღი აუცილებლად გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რადგან დაინტერესება მართლაც ძალიან მაღალია. ეს გარდა პროექტის კონცეფციის ორიგინალურობისა ვფიქრობ, იმითაც არის გამოწვეული, რომ მარნის გახსნა სწორედ ახლა მოხდება, მაშინ, როცა ქვეყანაში ტურიზმისა და ჰორეკა სექტორები ფაქტობრივად გაჩერებულია და რაიმე სიახლეზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია. ჩემთვის ეს გამოწვევა შესაძლებლობა აღმოჩნდა და მოტივატორი, რომ დამეჩქარებინა პროცესები და ინდუსტრიის თავიდან გაცოცხლებაში ჩემი წილი აგური დამედო“, – აცხადებს მფლობელი.

ზვიად კორძაძე უკვე 20 წელია მეღვინეობითაა დაკავებული, თუმცა ამ დრომდე ღვინო სარეალიზაციოდ არ გაუტანია.

„ძალიან მიყვარს ღვინოსთან მუშაობის პროცესი, განსაკუთრებით ისეთ იშვიათ ჯიშებთან, როგორიც არის მაგალითად ოცხანური. ღვინის დაყენება ჩემთვის ამ დრომდე სასიამოვნო ჰობი იყო, ახლა კი გადავწყვიტე უფრო კომერციული დატვირთვაც მიმეცა, თორემ სერიოზულად მეღვინეობის საკითხს ყოველთვის ვუყურებდი მიუხედავად იმისა, რომ მოგეხსენებათ ჩემი პროფესიით რამდენიმე ათეული წელია აქტიურად ვარ დაკავებული.“ – განმარტავს ზვიად კორძაძე.

როგორც ადვოკატმა „კომერსანტს“ განუცხადა „ბარბალეს მარანის“ საინვესტიციო ბიუჯეტი 100 000 ლარის ოდენობისაა და პროექტის კონცეფცია მხოლოდ ღვინის შეძენას და დაგემოვნებას არ მოიცავს.

„ეს იქნება სივრცე უცხო და ექსკლუზიური ქართული ღვინოების დაგემოვნებისა და შეძენისთვის, მათ შორის ექვსწლიანი დაძველების ღვინოებისაც, ასევე სივრცე, რომელიც ტრადიციული ქართული მარნის ავთენტური იქნება და შეიძლება ითქვას, დროში გამოგზაურებთ. გარდა ამისა „ბარბალეს მარანში“ მოეწყობა კუთხე კულტურული და საქმიანი შეხვედრებისთვის. „ბარბალეს მარანი“ ერთობლივად სადეგუსტაციო, სარეალიზაციო და საკომუნიკაციო სივრცე იქნება, სადაც ერთნაირად საინტერესოდ გაატარებს დროს როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმარი“, – აღნიშნავს ზვიად კორძაძე.

„ბარბალეს მარანის“ სამომავლო გეგმებში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შედის, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ორიენტირებულები ქართული ბაზრის ათვისებაზე არიან.

მარანის სახელწოდება სათავეს ძველი წარსულიდან იღებს. ქართულ მითოლოგიაში ბარბალე მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო, რომელიც განაპირობებდა და უზრუნველყოფდა არა მარტო ადამიანების, არამედ მიწის, ყოველი ცოცხალი არსების ნაყოფიერებასა და სიცოცხლის უწყვეტ ციკლს.

ანი ცარციძე

წყარო: https://commersant.ge/ge/post/cnobili-advokati-gvinis-bizness-iwyebs

Post a Comment