„ბარბალეს მარანი“ 2014 წელს შეიქმნა, ღვინოები, რომლებიც თქვენს წინაშეა წამოდგენილი 2017-2019 წლებშია ბოთლში დავარგებული. ჩვენი მარანი ღვინის ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა.
ბარბალე ნაყოფიერებისა და მზის ქალღმერთია ქართულ მითოლოგიაში, ამავდროულად წინაქრისტიანული ღმერთების პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღმერთია, კოლხ-იბერები – პროტოქართველები მას ეთაყვანებოდნენ, როგორც საწყის მფარველს, ასევე ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც განაპირობებდა და უზრუნველყოფდა არა მარტო ადამიანების, არამედ მიწის, ყოველი ცოცხალი არსების ნაყოფიერებასა და სიცოცხლის უწყვეტ ციკლს. ასო ბანი, ბორბალი, ბრუნვა, ბარბალე, ბარბარობა, ბორჯღალი ურთიერთკავშირშია და სათავეს ჩვენი ძალიან ძველი წარსულიდან იღებს. აქედანაა ჩვენი სახელიც ,,ბარბალე მარანი».

ღვინო ჩვილი ბავშვივითაა. დაწურვის დღიდან მოვლა, ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდება. ყურძნის მტევანში გამომწყვდეული მზის (ბარბალეს) სხივებიდან ღვინის მიღება ეს ის მისტერიაა, რომელიც სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია. გაბუტვაც იცის და გაჯიუტებას თუ ყურადღება მოაკელი, მაგრამ გიერთგულებს და გასახელებს, თუ შეგატყო რომ გიყვარს და გულიანად ეპყრობი. ლეგენდის თანახმად სამშობლოს დასაცავად ომში წასული ქართველი მეომრები, ვაზის ლერწიან გუდას იკიდებდნენ ზურგზე, რადგან თუ ბრძოლაში დაეცემოდნენ, მათ სახელზე ვაზი ამოსულიყო. ქართველთა გაქრისტიანებაც IV საუკუნეში წმინდა ნინომ ვაზის ლერწმისგან შეკრული ჯვრით მოახდინა. ღვინის სამშობლოში, სადაც ვაზი და ღვინო ეროვნული იდენტობის და კულტურის განუყოფელი ნაწილია, საკუთარი ღვინის წარმოება უდიდესი პასუხისმგებლობა. გავბედეთ და გთავაზობთ ,,ბარბალეს (მზის) მარნის» ღვინოებს, რომლებიც სიყვარულით და რუდუნებით თქვენთვის შევქმენით.

ზვიად კორძაძე